ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საქართველოსა და რეგიონში წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ინოვაციური მიდგომებით და სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი ინდივიდუალური გამოცდილების შესაძლებლობის უზრუნველყოფით ქმნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების, მაღალი ხარისხის სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის საფუძვლებს.
უნივერსიტეტი დაფუძნდა 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუციის გაერთიანების შედეგად. უნივერსიტეტი გამოირჩევა ცვლილებებისადმი მაღალი მედეგობით. ტექნოლოგიების განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციის, მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების პროგრამებისა თუ კვლევითი მიმართულებებით, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დღეისათვის ილიაუნი არის მრავალპროფილიანი კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან სასწავლო და კვლევით მიმართულებას და მაღალი კვლევითი, საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივი გავლენით წარმატებით ახდენს პოზიციონირებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
უნივერსიტეტი მისი დაარსების დღიდან ბოლო 19 წლის განმავლობაში სწრაფად იზრდებოდა და ვითარდებოდა. როგორც კვლევითი უნივერსიტეტი, გამოირჩევა კვლევების რეფერირებისა და ციტირების მაღალი მაჩვენებლით. საერთაშორისო ინსტიტუციური (THE Times Higher Education, Scimago, U.S. News & World Report Best Global Universities) და მკვლევართა ინდივიდუალური რეიტინგების (სტენფორდის უნივერსიტეტისა და ელსევიერის მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის ყოველწლიური რეიტინგი) მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესოა (მრავალი სამეცნიერო დარგის მიხედვით) ქვეყნისა თუ რეგიონის მასშტაბით ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუციური რანჟირების სისტემებში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაზღვრავს თავის როლს ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კონტექსტში იმ განსაკუთრებული მისიის გაცნობიერებით, რომელიც უმაღლეს განათლებას აკისრია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ისტორიულ მომენტში. ამ როლის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ა) უახლესი მიდგომების გამოყენებით წარმართავს კვლევას და ავრცელებს მის შედეგებს ადგილობრივ და საერთაშორისო აკადემიურ/სამეწარმეო სფეროში;
ბ) უძღვება სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას თანამედროვე დასავლური სტანდარტების შესაბამისად;
გ) პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს მასზე არსებული მკაცრი კონკურენციის გათვალისწინებით;
დ) უნივერსიტეტის საზოგადოებრივი მისიის ფარგლებში პასუხობს ადგილობრივ, რეგიონულსა და გლობალურ გამოწვევებს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და საზოგადოების კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად;
ე) ზრუნავს დემოკრატიულ ღირებულებათა დასამკვიდრებლად როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ისე უნივერსიტეტის კედლებს მიღმა განხორციელებული ღონისძიებებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ევროპის აკადემიური და სამეცნიერო სივრცისა და ბოლონიის პროცესის სამოქმედო პრინციპების ერთგული ინსტიტუცია, ემყარება ერთიანობის სამ ძირითად პრინციპს:
- აკადემიურ თავისუფლებას;
- სინდისის თავისუფლებას;
- არჩევანის თავისუფლებას.
ეს პრინციპები გამომდინარეობს ერთმანეთისგან და განაპირობებს ერთმანეთს: სტუდენტები, ლექტორები, მკვლევრები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ კვლევისა და შესწავლის სფეროები, მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლები და ხელმძღვანელები; არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ან მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუკრძალოს სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებს და მკვლევრებს რაიმეს შესწავლა და სამეცნიერო დასკვნების გამოქვეყნება. სტუდენტები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ შეესატყვისება მათი კავშირის – უნივერსიტეტის – საერთო მიზნებსა და ამოცანებს.