Ranking Web of World Universities – არის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი, რომლის მონაცემებიც წელიწადში ერთხელ ახლდება. ამ რეიტინგის სიაში გაერთიანებულია მსოფლიოს 12 000 უმაღლესი სასწავლებელი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება ამ რეიტინგის დასადგენად – არის ინტერნეტ-სივრცეში უნივერსიტეტის ხილვადობა (visibility). ხილვადობა იზომება იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ხშირად და ფართოდ გამოიყენება უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რამდენად აქტიურად არიან წარმოდგენილი მისი პროფესორები და მკვლევრები ინტერნეტ-სივრცეში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ამ რეიტინგში საქართველოში პირველი ადგილის მოპოვება იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეცნიერების კვლევები და უნივერსიტეტის მუშაობის შედეგად გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე უფრო მოთხოვნადი და საინტერესოა.
აქ გამოყენებული ვებ-ინდიკატორები არ აფასებს ვიზიტორთა რიცხვს ან ვებ-გვერდის დიზაინს, არამედ ეფუძნება საერთაშორისო მასშტაბით უნივერსიტეტების მიღწევებსა (მათ შორის მკვლევარების ციტირების რეიტინგს და პუბლიკაციებს) და ხილვადობას.
ეს რეიტინგი ითვალისწინებს გლობალურ ქსელში არსებულ არა მარტო ფორმალურ (ელექტრონული ჟურნალები, საცავები), არამედ არაფორმალურ სამეცნიერო კომუნიკაციას. ვებ-პუბლიკაცია შედარებით იაფია და ინარჩუნებს მაღალი სტანდარტის/ხარისხის შეფასებით პროცესებს. მას აგრეთვე შეუძლია, მოიცვას უფრო დიდი აუდიტორია, სთავაზობს განვითარებადი ქვეყნების მკვლევრებსა და ინსტიტუტებს წვდომას მეცნიერულ ცოდნაზე.
2014 წლის Ranking Web of World Universities მონაცემებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოში პირველ, მსოფლიოს 12000 უნივერსიტეტს შორის 2204-ე, ხოლო ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში 149-ე ადგილზეა.
2014 წელს პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო რეპოზიტორიების რეიტინგშიც. აღნიშნულ რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით პირველია, ხოლო – მსოფლიოში 1356-ე ადგილზეა.